მიხეილ სააკაშვილის დაკავების მცდელობა საერთაშორისო მედიის მთავარი თემაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინული ოპოზიციის ლიდერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, დღეს თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა წერს.
დასავლური პრესა პრეზიდენტ პოროშენკოს გადაწყვეტილების შეფასებაში საკმაოდ კრიტიკულია და მიხეილ სააკაშვილს, უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მთავარ ლიდერად ასახელებს.
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რომელიც უკრაინის ოპოზიციის მთავარი პოლიტიკოსი გახდა, არ აპირებს დანებებას, იმის მიუხედავადაც, რომ პროკურატურამ მას ულტიმატუმი წაუყენა,“ - წერს „Foxnews“.
გავლენიანი ამერიკული მედია საშუალება იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სააკაშილის, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯვაროსნის დაკავება, უკრაინაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.
კიდევ ერთი ავტორიტეტული გამოცემა „Washington Post“ კი დეტალურად აღწერს, როგორ ცდილობდნენ უკრაინელი ნიღბიანები მიხეილ სააკშვილის დაკავებას გუშინ დილიდან და როგორ შეამტვრიეს მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლის კარი.
„იყო საუბრები, რომ ის მთავრობის გადაგდების მცდელობაში იყო ჩართული. მაგრამ, სააკაშვილი ხელიდან დაუსხლტა ძალოვნებს და სახურავიდან ათასობით მხარდამჭერს მიმართა,“ - წერს „Washington Post“.
საკმაოდ მწვავე სტატიას აქვეყნებს „Bloomberg“. გამოცემა წერს, რომ დასავლეთმა მხარი უკრაინაში არასწორ პიროვნებას დაუჭირა.
„პეტრო პოროშენკო პირადი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ქვეყნის დასავლურ მიმართულებას წირავს. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ობამას დროინდელმა პოლიტიკოსებმა უკრაინაში მხარი არასაჭირო ხალხს დაუჭირეს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მცდელობა, მოახდინოს საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდირება, უკვე მოიცავს ანტიკორუფციული ინსტიტუტების გვერდით გაწევას, რომელთა შექმნაც მათ უკრაინის დასავლელმა მეგობრებმა აიძულეს. მისი მწვავე მოქმედებები მისი ყველაზე ხმაურიანი ოპონენტის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ, აჩვენებს, რომ პოროშენკო შეიძლება იანუკოვიჩის ნაირი დაუნდობელი იყოს. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სააკაშვილის უკრაინიდან მოშორების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პოროშენკოს სამართალდამცველმა აპარატმა დაიწყო საქართველოში დაბადებული პოლიტიკოსის მოკავშირეების დევნა და დეპორტაცია,“ - წერს „Bloomberg“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება "The new york times", რომელიც წერს, რომ უკრაინის პროკურატურა ცდილობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დისკრედიტაციას.
„პროკურორის ბრალდება, რომ სააკაშვილი თანამშრომლობდა იანუკოვიჩთან, როგორც ჩანს, მეტწილად გამიზნული იყო იმისთვის, რომ მოეხდინა დისკრედიტაცია საქართველოს ყოფილი ლიდერის, რომელმაც უკრაინაში მხარდაჭერა მოიპოვა რუსეთის, კორუფციის და პოროშენკოს უკომპრომისო მტრად თავის წარმოჩენით,“ - წერს "The new york times".