უკრაინელი სამართალდამცველების მიერ ძებნილი მიხეილ სააკაშვილი რადას შენობასთან იმყოფება და მხარდამჭერებს პოლიტიკურ გეგმებს აცნობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით აქციაზე შეკრებილებს მეუღლესთან ერთად მიმართა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში იწურება, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ჩაბარებას არ აპირებს და გამომძიებლებს აქციაზე, რადას შენობასთან კარავში ელოდება.
მიხეილ სააკაშვილმა კიევში მასთან ჩასული მეუღლე ხუმრობით, რუსეთის დაზვერვის ვიცე პოლკოვნიკად წარადგინა. „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულად მიიჩნევს.
"გუშინ ლუცენკომ თავხედურად მოიტყუა, მათ შორის ჩემს სატატუსზეც. დეპუტატების წინააღმდეგ საქმე აღძრეს, თითქოს ისინი კანონის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ლუცენკო გაუნათლებელია. იურისპოდენციაში არაფერი გაეგება და ნაცნობობით გახდა გენპროკურორი. არაფერი იცის სამართალმცოდნეობაზე, ამიტომ მინდა განვაცხადო, მე მას არ ვთვლი გენპროკურორად. არ აქვს არც ღირსება. მზად ვარ, აქ კარავში მივიღო გამომძიებელი,” - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მიმართა, სანდრა რულოვსმაც და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობდნენ. როგორ ურყევად იდექით სიცივესა და თოვლში, განსაკუთრებით ქალები. მადლობა ამისთვის. გამარჯვება აუცილებლად იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა,“ - განაცხადა რულოვსმა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტამდე დანებებას არ აპირებს.
უკრაინის რადასთან, კარვების ქალაქში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, გასულ ღამეს სამართალდამცველების მიერ განხორციელებულ შტურმზე ისაუბრეს იმ ადამიანებმაც, რომლებიც სპეცრაზმის თავდასხმის შედეგად დაშავდნენ. მათი თქმით, სპეცრაზმელები მათ ხელკეტებით გაუსწორდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.