20 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
დებატები პარლამენტში - დეპუტატებს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებზე შენიშვნები აქვთ

საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური დებატების თემა, მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებია. პროექტი დეპუტატებს, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ცვლილებების შემდეგ, შემცირების ნაცვლად, ხარჯები ისევ გაზრდილია.

„ახლა გაირკვა, ჩვენი ამ კომიტეტის დისკუსიის შემდეგ, რომ მთავრობას შეუძლია ამ გაერთიანების შედეგად, უკვე წარმოგვიდგინოს ხარჯების შემცირება და ჩვენ დღეს ვნახეთ უკვე დოკუმენტი, სადაც წარმოდგენილია შემცირებები ამ გაერთიანების შედეგად. თუმცა, საერთო ჯამში ხარჯები არის ისევ გაზრდილი, ჯერჯერობით. ერთხელ ჩემმა მეგობარმა იხუმრა, რომ მარტო "ოცნების" მთავრობას შეუძლია, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი იზრდება,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა თადუმაძეს მიმართა და სთხოვა განემარტა, ამ ეტაპზე რატომ ვერ ხდება კონკრეტული ციფრების მითითება და როდის მოხდება ეს.

პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ ოთარ კახიძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი უნდა იყოს ის, თუ რა ნაბიჯებს დგამს მთავრობა იმ ფონზე, როდესაც ლარი უფასურდება. 

„თუ თქვენ, მთავრობას გააზრებული გაქვთ, რომ საჭიროა გადადგმა ნაბიჯების და ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია, მაშინ ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი და არა ის, მინისტრებად დასანიშნი ხალხი გყოფნით თუ არა. მთავარი ეფექტი, რაც ამას უნდა ჰქონდეს, ეს არის გადასახადის გადამხდელზე, ჩვენ მოქალაქეებზე იმ გზავნილის გაგზავნა, რომ დღეს, როდესაც ლარი უფასურდება, როდესაც ინფლაცია გვაქვს დადგენილზე მაღალი და ყველაფერი ძვირდება, მთავრობა ამ შემხვედრ ნაბიჯებს დგამს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ დეპუტატების ამ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ დადგენილი ცვლილებები 2017 წლის ბიუჯეტზე გავლენას არ ახდენს, თუმცა ის 2018 წლის ბიუჯეტზე ეტაპობრივად მოახდენს გავლენას.

„რეორგანიზაციის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც დამტკიცდება ახალი შტატები, მას შემდეგ, რაც ცნობილი იქნება ახალი სტრუქტურა, ახალი უფლებამოსილებები გაერთიანებული სამინისტროების, შესაბამისად მოხდება იმ თანხების დათვლა, რომელიც დარჩება ახალი სტრუქტურების ხარჯვით ნაწილში,“ - აღნიშნა თადუმაძემ.

დღის ამბები