ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომლის განხილვაც სააპელაციო სასამართლომ დაიწყო, მედიისთვის დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობით მოსამართლეს ბრალდების მხარემ მიმართა.
როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, საქალაქო სასამართლოს მსგავსად, ამჯერადაც დასახელებული იქნა აბსურდული მიზეზი.
„დღევანდელ სასამართლო დახურვის მოტივაცია და საფუძველი ყოფილა, რომ თურმე საზოგადოებას არ უნდა მიეწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც ვითომ და უარყოფითად და ნეგატიურად აისახება საზოგადოებაზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ძალიან აბსურდული საფუძველი, იმიტომ რომ საზოგადოებაზე არის დაყრდნობილი მთელი სახელმწიფო, მართლმსაჯულება და დიახაც, ვალდებული არის სახელმწიფო, საზოგადოებამ იცოდეს დეტალურად თუ როგორ უსამართლობასთან გვაქვს საქმე და მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს მორიგი დავალების შესრულება ხდება,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
რაც შეეხება საქმის პროკურორს, ზვიად გუბელაძემ განმარტა, რომ სასამართლომ საქმეში მონაწილე პირების პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„სასამართლო პროცესები უნდა იქნას სრულად დახურული. აღნიშნულ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა, ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ არის დასაბუთებული და კანონიერი,“ - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესის დახურვამდე დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ იმყოფებოდა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და სთხოვდნენ ეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრის და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა.