20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
"სააკაშვილი იქნება დაკავებული" - იური ლუცენკო რადაში მივიდა

უკრაინის გენერალური პროკურორი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დაკავება ვერც გუშინ და ვერც ღამით ვერ შეძლო. ამის შესახებ მან რადაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

იური ლუცენკოს განცხადებით, როგორც გუშინდელი, ასევე ღამის მოვლენები აბსოლუტურად კანონიერია და სამართალდამცავებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი აუცილებლად უნდა დააკავონ.

მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იმ 12 თანამშრომელს, რომლებსაც სააკაშვილი დასაკითხად მიჰყავდათ, კანონის თანახმად ცეცხლი უნდა გაეხსნათ. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მოუწოდა სააკაშვილს, რომ ნებაყოფლობით გამოცხადდეს საგამოძიები ორგანოში და მისცეს ჩვენება.

„მეც, ერთის მხრივ, იმედგაცრუებული ვარ, როგორც გუშინდელი, ასევე დღევანდელი ღამის მოვლენებით. ღამის მოვლენები იყო აბსოლუტურად კანონიერი, რადგან ბატონ სააკაშვილზე, გაქცევის შემდეგ ძებნა გამოცხადდა და უსაფრთხოების სამსახურმაც და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც ის უნდა დააკავოს. ეს არის კანონიერი და აუცილებელი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში. მაგრამ, ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით უფრო ეფექტურებიც.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იმ 12 თანამშრომელს, რომლებსაც სააკაშვილი დასაკითხად მიჰყავდათ, კანონის თანახმად ცეცხლი უნდა გაეხსნათ. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე, სააკაშვილი კი, უკრაინელების ზურგს უკან დამალული, მხოლოდ ამ სახელმწიფოს შერყევასა და საკუთარ პირად კომფორტზე ფიქრობს. სააკაშვილი იქნება დაკავებული და ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შეუძლია, თუ მართლა კაცია და თუ ნამდვილად ცოტათი მაინც უყვარს უკრაინა, დღეს გამომძიებლებისთვის ჩვენების მისაცემად ვლადიმირის ქუჩაზე მისვლაა. ეს არის ერთადერთი გზა, რომ არ განადგურდეს უკრაინა,“ -განაცხადა იური ლუცენკომ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად ძებნილად გამოაცხადა.

დღის ამბები