20 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ჩვენი ბრძოლა დასრულდება გამარჯვებით უკრაინაში და გამარჯვებით საქართველოში - "ენმ"-ის აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

„ღირსების მანიფესტაცია“ - ამ ლოზუნგით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა დღეს საპროტესტო მსვლელობა გამართეს. აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან დასრულდა, სადაც პარტიის ლიდერმა პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. ოპოზიციის წევრების თქმით, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოში და უკრაინაში ერთდროულად მიმდინარეობს.

„ხალხზე ვერ იძალადებ, რომ სიმართლეს ვერ გააჩუმებ, რომ რამდენმა ოლიგარქმაც არ უნდა შეკრას პირი და განიზრახონ, რომ ერთობლივად გააჩუმონ, მოიტაცონ, დაამწყვდიონ ადამიანი, რომელიც იბრძვის იდეისთვის, მას ვერ მოერევიან. იმიტომ, რომ ვერ მოერევიან ხალხს, ვერ მოერევიან სიმართლეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. გამარჯვებით უკრაინაში, გამარჯვებით საქართველოში, ჩვენი შვილებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანმა  თინათინ ბოკუჩავამ.

აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნიკა რურუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრძოლა მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიასა და დიქტატურას შორის მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს ბრძოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მხოლოდ საქართველოს, უკრაინის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლებასა და დიქტატურას, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის. ავტოკრატია, პუტინის რუსეთი, იგივე ჩრდილოეთ კორეა იგივე ასადის სირია, მთელი სრულიად ბნელი ანტიცივილიზაციური ძალები დღეს უკეთებენ მთელ მსოფლიოში ექსპორტს ბევრ თავის შხამიან იარაღს,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

აქციაზე პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა.

„რომ არა ის 9 წლიანი დიადი წელიწადი, რომელსაც ზოგიერთი უდიერად მოიხსენიებდა, არ იქნებოდა საქართველოში ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რასაც ჩვენ მივაღწიეთ,“ -  განაცხადა გოცირიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა.

 

 

 

 

 

დღის ამბები