პარლამენტის სხდომაზე, დღეს კამათის თემა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი იყო. ოპოზიცის წევრების თქმით, უშიშროების საბჭოს გაუქმება, დღევანდელი გამოწვევების ფონზე გაუმართლებელია.
„დარჩა ერთი დიდი ფუნდამენტური ვაკუუმი. მშვიდობიანობის დროს, ვინ ახორციელებს უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირებას. ამიტომ, როგორც ბევრჯერ გიქნიათ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რომ ერთი რაღაც გითქვამთ და მერე გადაგიფიქრებიათ, შეგიცვლიათ და თან პროგრესად გაგისაღებიათ. შემოიღეთ უსაფრთხოების პოლიტიკის კოორდინირების ფუნქცია,“ - განაცხადა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ.
ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიქმნება სამდივნო, რომელიც სწორედ ამ ფუნქციებს შეითავსებს. მან ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ ბრალდებებში დაადანაშაულა.
„შეკრებიდან შეკრებამდე ხომ უნდა ფუნქციონირება ამ საბჭოს? მშვიდობიანობის პერიოდში, ამ საბჭოს სჭირდება სამდივნო მაღალი ალბათობით და ალბათ დამეთანხმებით. მუშაობა და მსჯელობა დაწყებულია ამ საკითხზე და რაც შეეხება ინფორმაციის გაცვლის ფორმატს, კოორდინაციის ფორმატს, ამაზეც გუნდში მსჯელობა დაწყებულია და თუ მოთმინება გექნებათ, აუცილებლად ამასთან დაკავშირებით, თქვენთანაც გვექნება კონსულტაციები, სანამ შევქმნით ამ მექანიზმს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს, დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ პირველი მოსმენით სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას.