მეორე დღეა, კიევში განვითარებული მოვლენები გავლენიანი საერთაშორისო გამოცემებისა და მსოფლიო ლიდერების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ერთ-ერთი ბოლო განცხადება დიდი შვიდეულის ელჩებმა გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის ხელისუფლების ქმედებებს, ისევე როგორც მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებს, დიპლომატები განსაკუთრებულად აკვირდებიან.
„ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. მოვუწოდებთ სრულად სცენ პატივი უკრაინაში საკონსტიტუციო წესრიგს, სამართლებრივ სისტემას, დაიცვან უფლებები და მშვიდობიანი აქციის ვალდებულებები, თავი შეიკავონ დესტაბილიზაციის მცდელობებისგან,“ - ნათქვამია განცხადებაში.
კრიტიკული იყო შეფასებისას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც კიევში მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ბრიფინგზე გამოეხმაურა. ჰიზერ ნოიერტის განცხადებით, კიევსა და ვაშინგტონს შორის კარგი ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მის ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმება. მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანის დაკავებისას დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებები.
ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით twitter-ის საშუალებით შეშფოთებას გამოთქვამს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული მიხეილ სააკაშვილის დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური ღელვის გამო. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა იმუშაოს ვითარების დეესლკალაციისთვის,“ - წერს ჯოზეფ დოლი.
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე წერს FOX NEW. მძლავრი ამერიკული მედიასაშუალება იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ სააკაშვილის, როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯვაროსანის დაკავება, უკრაინაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.
ძალიან საინტერესო სტატია საკმაოდ თამამი და მწვავე სათაურით გამოქვეყნა Bloomberg-მა.