აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. უმცირესობასა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხდება სამინისტროების მექანიკური შეერთება, ბიუროკრატიული ხარჯები კი უცვლელი რჩება.
„აქ არის მექანიკურად შესრულება სამინისტროსი, თან შემცირება ერთ-ერთი იმ სტრუქტურისა, რომელსაც ავალია ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში კოორდინაცია და ეს აბსოლუტურად არასწორი გზავნილია, ჩვენი ნატოელი და ევროკავშირის პარტნიორი სახელმწიფოებისადმი და მეორეს მხრივ, ეს არის უბრალოდ არა შეკვეცა ბიუროკრატიული ხარჯებისა, არამედ სამინისტროებში ჩატენვა სხვა სტრუქტურებისა,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი გია ბარამიძე.
მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს გაუაზრებელ ნაბიჯს უწოდებენ „ევროპული საქართველოს" წევრები.
„სტრუქტურული რეორგანიზაციის უკან არ ჩანს გააზრებული ხედვა არც იმ ფუნქციებისა, რაც თითოეულმა სამინისტრომ უნდა შეასრულოს და რაც მთავარია, არ ჩანს თუ რა დაუჯდება ეს ქვეყანას. ხარჯები დაიზოგება, მოიმატებს და საერთოდ რა მიზანი ჰქონდა,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ოპონენტების შენიშვნები მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ყველა კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია.
„არ დარჩა ამ ცვლილებების პროექტში რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ეჭვის საფუძველს შექმნიდა ან რაიმე უკმაყოფილებას შექმნიდა, სტანდარტების თვალსაზრისით ხომ არ არის რაიმე უფრო ნაკლები სტანდარტი შემოთავაზებული. ამიტომ იქნება უკვე მეორე მოსმენით განხილვა. შესაძლებელია, რომ ამ კვირაში სამივე მოსმენით დავასრულოთ ამ პროექტის მხარდაჭერა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ.
სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. შესაძლოა, ცვლილებების დამტკიცება მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდეს.