20 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
მთავრობის ოპტიმიზაცია - მმართველი გუნდის ნაწილი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს 

პარლამენტი სამთავრობო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს. კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა საკანონმდებლო უწყებაში უკვე მიმდინარეობს. ოთხი სამინისტროს გაუქმება ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გამოცხადდა, თუმცა დღემდე არც მთავრობაში და არც პარლამენტში, არავინ იცის რამდენს ზოგავს ბიუჯეტი, რამდენი ადამიანით შემცირდება ბიუროკრატიული აპარატი, და რას მიიღებს ქვეყანა ხმაურიანი ცვლილებების შედეგად.

თუმცა, პარლამენტის ვიცე სპიკერი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან თანხა იზოგება და მისი რაოდენობა ცნობილი 2017 წლის ბოლოს დათვლის შედეგად გახდება.

„სწორი გადაწყვეტილებებია მიღებული, აბსოლუტურად არასწორი შეფასებები კეთდება, ჩვენი ოპონენტების მიერ გარკვეული საკითხების. მაინც და მაინც ხან ამბობენ, რომ ხალხი უნდა გაყარო ქუჩაში და ამით ფული დაზოგო, ჩვენ ვამბობთ, რომ ოპტიმიზაცია არის მთავარი და საკმაოდ დიდი თანხა არის დაზოგილი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯზე. 2017 წლის ბოლოს დავითვლით და თანხა საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოტიმიზაციას მხარს არ უჭერს მმართველი გუნდის ნაწილი. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე არც კენჭისყრაში აპირებს მონაწილეობას. მიზეზი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებაა.

„საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას კენჭისყრაში იმიტომ, რომ ძირითად კანონს არ დავუჭირე მხარი, რომელშიც სტრუქტურული ცვლილებები იყო გათვალისწინებული. რა ვქნა, ერთადერთი დამრჩენია პირადად მე, რომ მაქსიმალური კონტროლი ვაწარმოოთ ამ ახალ შექმნილ რაღაც სტრუქტურებზე,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე.

დღის ამბები