“სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა" - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, მანდატურის ფუნქციების გაზრდა უნდა მოხდეს, რადგან ის უნდა პასუხობდეს, დღეს არსებულ გამოწვევებს.
შსს მინისტრის თქმით, საუბარია მანდატურის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ბმაზე და ისინი ორიენტირებულები იქნებიან დანაშაულის პრევენციაზე.
“სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მოხდა მანდატურების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა, სამწუხაროდ, მისი იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა, ამიტომ, სასწრაფოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც გაზრდის მანდატურების ეფექტიანობას.
ეს არის იმის აღიარება, რომ დღეს მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც გვაქვს დღეს გვაქვს და არა იმ გამოწვევების, რომლებიც გვქონდა 5 ან 10 წლის წინ.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან. მიუხედავად იმისა, რომ მანდატურის სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, რა თქმა უნდა მისი ძირითადი ორიენტაცია უნდა იყოს პრევენციაზე და არა შს სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობაზე და ეს უნდა იყოს ძირითადი ამომავალი წერტილი,“ - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მანდატურის სამსახურის მუშაობის გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმაც. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მჭიდრო კავშირი დამყარდება საპატრულო პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის. გარდა ამისა, ჩხენკელის ინფორმაციით, სკოლებში იმუშავებენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.
პირველ რიგში, საკითხი ეხება სკოლებში უსაფრთხოებას და მანდატურების სამსახური გადაიხედება, მოხდება ფუნდამენტური შესწავლა. მანდატურის სამსახური გაძლიერდება და რაც მთავარია, მჭიდრო კავშირი დამყარდება მანდატურებსა და საპატრულო პოლიციას შორის. საპატრულო პოლიციის დანიშნულება იქნება სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, როდესაც მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებიან. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, იმისთვის, რომ ჩვენ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად ჩართული იქნებიან ფსიქოლოგიის მაგისტრანტები და დოქტორანტები,“ - აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.