პარლამენტმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. არ არის გამორიცხული, რომ საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭი დღესვე უყაროს. რაც შეეხება თავად შინაარსობრივ ნაწილს, თავად სამთავრობო გუნდში გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებასთან დაკავშირებით არსებობს უთანხმოება, რის გამოც იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ უწყების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ასევე, ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა საპარლამენტო ოპოზიციამ. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ცვლილებები, რომელიც ხორციელდება, იქნება არაეფექტური, ვინაიდან, მთავრობას არ აქვს კონკრეტული გათვლები თუ რამდენს დაზოგავს სახელმწიფო ამ ცვლილებებით.
„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა არა მხოლოდ სსიპ-ების და აიპ-ების რაოდენობა, არამედ გაზარდა იქ დასაქმებულთა რაოდენობაც საკუთარი ნათესავების, ახლობლებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების ხარჯზე და დიდწილად ეს ადამიანები ვერაფერს მატებენ საჯარო სექტორს. ამიტომ, როცა სამთავრობო სტრუქტურულ რეორგანიზაციას აკეთებს მთავრობა, მან უნდა დაადგინოს ჭერი, დაუდგინოს თითოეულ სამთავრობო უწყებას თუ სადამდე უნდა იყოს მის მიერ გაწეული ხარჯი,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ ცვლილებები ხარჯვით ნაწილზე ნამდვილად აისახება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიმდინარე წელს მთავრობამ თითქმის 90 მილიონი ლარი დაზოგა საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე, მომდევნო წელს კი, დაგეგმილია ერთ ნახევარ პროცენტიანი ზრდა.
„ასევე იცით, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, 2018 წლის ბიუჯეტში მთავრობის მიმდინარე ხარჯები ერთ ნახევარ პროცენტიან კლებაზე არის დაგეგმილი. ეს ყველაფერი არის ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც პრემიერმინისტრმა და მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა სამთავრობო რეფორმის პროექტი, რომელიც არის პრემიერმინისტრის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილი,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, 4 სამინისტრო გაუქმდება.