20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია დღეს ოფიციალურად ჩაანაცვლებს

უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარია დღეს ოფიციალურად ჩაანაცვლებს. ახალ სახალხო დამცველს აპარატში დღეს 9 საათისთვის ელოდებიან. ლომჯარია 5 წლის ვადით კანონმდებლებმა ერთი კვირის წინ, 96 ხმით აირჩიეს.

ომბუდსმენს მხარი დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამაც". "ევროპულმა საქართველომ" კი, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ყოფილი კოლეგის სახალხო დამცველად არჩევასთან დაკავშირებით, იმედიანად არის განწყობილი მესამე სექტორი.

„მე ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი ნინო სახალხო დამცველობის პერიოდშიც კიდევ უფრო მაღლა აწევს სტანდარტს, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებს სამოქალაქო სექტორთან და ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას,“ - განაცხადა "საია"-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ნინო ლომჯარიას ძირითადი გამოწვევები უმცირესობების უფლებების ადვოკატირება, ხელისუფლებასთან ოპონირება და სამართალდამცველების მხრიდან დარღვევებზე რეაგირება იქნება.

„მთავარი საკითხები, ეს არის მართლმსაჯულების მდგომარეობა ქვეყანაში, სამართალდამცავები და ადამიანის უფლებების მდგომარეობა ზოგადად, რაც ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სამართალდამცველების პოლიტიზირების საკითხი. სახალხო დამცველს აქვს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა, რომ ძალიან კარგი და ეფექტური ქმედებებით დიდი გავლენა მოახდინოს პროცესებზე,“ - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი გიორგი გვილავა.

ნინო ლომჯარიას არჩევა პოზიტიურად ფასდება ასევე პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ზრდის კონტექსტშიც.

დღის ამბები