20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა - რომან გოცირიძე შოთა შალელაშვილის სუს-ში დაბარებას ეხმაურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა - ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ პრემიერისთვის მიწერილი ღია წერილის შემდეგ, დეპუტატის სუს-ში დაბარებას ეხმაურება.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარება სწორედ პრემიერისადმი გაგზავნილ წერილს უკავშირდება, რაც, გოცირიძის თქმით, ძალიან სახიფათო ფაქტია.  

გოცირიძის განცხადებით, სუს-ი პოლიტიკურ პოლიციად ჩამოყალიბდა. 

„საქართველო ჩამოყალიბდა პოლიციურ სახელმწიფოდ. ფაქტობრივად სუს-ი გახდა ჟანდარმი, როგორც ცარიზმის დროს იყო, როდესაც მეფის მართვის მთავარი ინსტრუმენტი იყო კონტროლი, დასმენები და ფაქტობრივად სუს-ი მართავს დღეს ქვეყანას. აღმოჩნდა, რომ ის არა მხოლოდ ოპოზიციას უთვალთვალებს, არამედ უთვალთვალებს უმრავლესობის წევრებსაც, მათ შორის დეპუტატებსაც, რაც წარმოუდგენელი რამ არის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პრემიერმინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა. გოცირიძემ კვირიკაშვილის კომენტარი დეპუტატის დატუქსვას შეადარა.

"რაც შეეხება პრემიერმინისტრის განცხადებას, რომ უმრავლესობის წევრი არ უნდა მიმართავდეს ამ ფორმით, მე გავახსენებ საქართველოს მთავრობას, რომ ყველაზე დიდი საარჩევნო დაპირება ტრამპის, ჯანდაცვის რეფორმა ჩააგდო მაკკეინმა, მისივე პარტიის წევრმა და მისმა ხმამ გადაწყვიტა ამ რეფორმის დასამარება და ის არც FBI-ს დაუბარებია უწყებაში და არც არავის დაუტუქსავს,“ - აცხადებს გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ დაიბარეს. კონკრეტულად, რა საქმე ჰქონდათ მასთან სუს-ის წარმომადგენელებს, შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა აღარ დააკონკრეტა.

შალელაშვილის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს.

დღის ამბები