„ქართული ოცნების“ დეპუტატის შოთა შალელაშვილის სუს-ში დაბარებას, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ სუს-ში დეპუტატის დაბარება, მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს უკავშირდება, სადაც შალელაშვილმა მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა.
კახიძე მომხდარს დაუშვებელს უწოდებს. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა, სადაც პარლამენტის უფროსები სუს-ის წარმომადგენლები არიან.
„საზოგადოებამ და პოლიტიკურმა სპექტრმა კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა „ქართული ოცნების“ მმართველობის უკიდურესად მახინჯი სახე, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადების საპასუხოდ, დეპუტატი დაიბარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და დაუსვეს კითხვები ამ განცხადების ირგვლივ. პარლამენტის წევრისთვის დაბრკოლების შექმნა უფლებამოსილების განხორციელების პროცესში არის დაუშვებელი. პარლამენტის წევრი სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მას აქვს უფლება დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე. ეს ფაქტი არის უკიდურესად შემაშფოთებელი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში გვაქვს არაფორმალური მმართველობა, სადაც პარლამენტის უფროსები არიან სუს-ის წარმომადგენლები, ეს არის ფორმა, რომელიც დაამკვიდრა ბიძინა ივანიშვილმა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რომელმაც პრემიერს ღია წერილით მიმართა და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისკენ მოუწოდა, გუშინ ვახტანგ გომელაურის უწყებაში, 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
თავად შალელაშვილი არ აკონკრეტებს, რა საქმე ჰქონდათ მასთან სუს-ის წარმომადგენელებს.
შალელაშვილის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსთან, რომელშიც მან მთავრობას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებისკენ მოუწოდა, სუს-ში დაბარებას კავშირი არ აქვს.