07 დეკემბერი 2024,   06:55
ვრცლად
არჩევნები "ადვოკატთა ასოციაციაში" - ზაზა ხატიაშვილი და დავით ასათიანი კოლეგების კრიტიკას პასუხობენ

„როცა ევროპა ამბობს, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული "ადვოკატთა ასოციაცია", მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ჩემი კოლეგების იაფფასიან განცხადებებზე?“ - ასე აფასებს საქართველოს "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი "ადვოკატთა ასოციაციის" წევრების კრიტიკას.

არჩევნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, კანდიდატებს შორის ურთიერთობა უკიდურესად მწვავდება. თავმჯდომარეობისთვის ბრალდებებით იბრძვის ირმა ჭკადუა, რომელიც ზაზა ხატიაშვილს კანონდარღვევებში ადანაშაულებს.

ზაზა ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ ფინანსების განკარგვას დამოუკიდებლად ვერ მოახერხებდა, რადგან ამისთვის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება არის საჭირო.

„ძალიან მეწყინა მე, ხალხი, რომელიც ბორკილებით ჩემ გვერდზე იდგა და აპროტესტებდა ძალადობას, ისეთ რამეს მაბრალებენ, რომელსაც გულით რომ მინდოდეს, ვერ გავაკეთებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვარ, ყველა თეთრზე მჭირდება მე აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება. აღმასრულებელი საბჭოს წევრი არის ირმა ჭკადუა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ხარტიაშვილი ასევე, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კონტაქტების დამყარება თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ასათიანის დამსახურებაა. ასათიანი აბსურდულს უწოდებს მისი კონკურენტის მხრიდან გახმოვანებულ ბრალდებებს.

„ფინანსებთან დაკავშირებით "ადვოკატთა ასოციაციის" მუშაობა არის სრულიად გამჭვირვალე და ყველანაირი ინფორმაცია, მათ შორის ხარჯთაღრიცხვის, მოძიებული გრანტების, დახარჯული თანხების უკვე წლების განმავლობაში, ყოველწლიურად აუდიტირებული, დევს ჩვენს ვებ გვერდზე,“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

დღის ამბები