„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე დაიწყოს საუბარი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები კიევში, სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან. ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს პირადი პატიმარია.
„უკრაინის ხელისუფლებამ დაარღვია დემოკრატიის ყველა პრინციპი. ის არ უსმენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ხელისუფლებას და უკრაინის ხელისუფლებას, სურთ რომ ის საბოლოოდ ჩამოაშორონ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში და საქართველოში, მაგრამ მინდა მათ ვუთხრა და გავაფრთხილო, რომ ეს იქნება დასასრული მათი ხელისუფლების, ვინაიდან ქართველი ხალხი, დარწმუნებული ვარ, არ დაუშვებს იმას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღმოჩნდეს ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზალიკო უდუმაშვილმაც და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინელ ოლიგარქთან გარიგება არ უნდა დადოს, თუმცა, მისივე შეფასებით, ამის ნიშნები უკვე დიდი ხანია არსებობს.
„საქართველო და ქართველი ხალხი გასცემს შესაბამის პასუხს საქართველოს ხელისუფლებას,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას არ დაუშვებს.
„ნებისმიერი გამოძახილი უკრაინის მოვლენების, ექოსავით აისახება აქ. ქართველი ხალხი ვერ აიტანს მესამე პრეზიდენტის 4 კედელს შორის გამოკეტვას. ეს უკვე არ არის "ნაციონალური მოძრაობის", როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის პრობლემა,“ - აღნიშნა გოცირიძემ.
დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისში, უკრაინის საელჩოსთან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად იქ მოქალაქეებიც მივიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, სააკაშვილი უკანონო პატიმარია, ხოლო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია.