07 დეკემბერი 2024,   06:50
ვრცლად
პოროშენკო უკვე დგას დაღმავალ ხაზზე - გიორგი რუხაძე

„ყველაზე მეტად რაც აწუხებთ დღეს ბრიუსელში და დარწმუნებული ვარ ვაშინგტონში, ეს არის სტაბილურობა,“ - ეს განცხადება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი რუხაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას გააკეთა.

„კითხვის ნიშანი დგას იმაზე, რომ როდესაც უკრაინაში ყველაზე დიდი პრობლემა არის კორუფცია და რეალურად, ევროკავშირისთვის ეს არის წითელი ხაზი, ყველამ კარგად იცის, რომ, თუ უკრაინა ამ პრობლემას ვერ დაამარცხებს, მას არ ექნება პერსპექტივა ევროპული თვალსაზრისით. უკრაინისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, იქნება სერიოზული დარტყმა და მას მხოლოდ ერთადერთი არჩევანი დარჩება, ეს არის რუსეთი,“ - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

რუხაძის თქმით, "იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კორუფციაა და მასთან ბრძოლის ნომერ პირველ ადამიანს არ ეძლევა პოლიტიკურ სივრცეში თავისუფლად მოღვაწეობის საშუალება, ჩნდება კითხვები, რამდენად სურს პოროშენკოს და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება".

რუხაძის თქმით, "იმ დროს, როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ციხეში დაუსაბუთებელი ბრალდებებით ხვდება, ეს სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს". მისი თქმით, ყველაზე ცუდი სცენარი იმ შემთხვევაში განვითარდება, თუკი მიხეილ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. 

„დეპორტაცია არ არის გამოსავალი უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის, ელიტისთვის, მაგრამ ეს არის შედარებით მარტივი გამოსავალი. პოროშენკო უკვე დგას დაღმავალ ხაზზე და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. უბრალოდ, ის ამით გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს,“ - განაცხადა რუხაძემ.

დღის ამბები