უფასო სასადილოების ბენეფიციარების კვებისთვის გათვალისწინებული თანხის შემცირებაზე, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე განმარტებებს აკეთებს.
გიორგი ბირბიჩაძე ირწმუნება, რომ სასადილოებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ შემცირებულა. მისი თქმით, თანხის კლება ერთ ბენეფიციარზე განკუთვნილი 1.18 ლარიდან 1.13 ლარამდე მხოლოდ ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა.
თბილისის საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, წლის განმავლობაში მოხდება თანხის მობილიზება, რათა უფასო სასადილოების დაფინანსება მოხდეს.
„უფასო სასადილოების თანხა არ შემცირებულა, პირიქით ჭერი გაზრდილია 500 ათასზე მეტი ლარით. ეს უბრალოდ ტენდერის სპეციფიკიდან გამომდინარე მოხდა კლება, თუმცა ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი მონიტორინგი და ვმუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს თანხების მობილიზება და კიდევ უფრო მეტი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ბირბიჩაძემ.
კითხვაზე, იცნობს თუ არა უფასო სასადილოების კვების რაციონს, როდესაც მისი ღირებულება ერთ ბენეფიციარზე 1.18 თეთრით ფინანსდებოდა, ბერბიჩაძე ამბობს, რომ დღევანდელი კვება ბევრად უკეთესია, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.
„მე ვიცოდი, როგორი იყო მათი კვება ჩვენი გუნდის მოსვლამდე და მე ვიცი როგორია ახლა, თუმცა ეს არ არის ის, რომ ჩვენ თვითკმაყოფილებას მივეცეთ და ეს ყველაფერი კარგია და ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მათი პირობები გაუმჯობესდეს,“ - აცხადებს გიორგი ბირბიჩაძე.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროებული სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, 2018 წელს უფასო სასადილოების ერთ ბენეფიციარზე 1 ლარი და 18-ის ნაცვლად, 1 ლარი და 13 იქნება გათვალისწინებული.