გიორგი გაჩეჩილაძე სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის კარტელურ შეთანხმებაზე საუბრობს. მან და "სიტროენ ჯორჯიას" ადვოკატებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ამ შეთანხმებებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი სახელმწიფოს ადგება.
გიორგი გაჩეჩილაძემ ამ თემასთან დაკავშირებით მის მეგობართან, გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაციაც გაიხსენა.
„მე იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მას SMS-თაც კი მივწერე, რომ ძალიან დიდი უსამართლო ხდება მეთქი სახელმწიფო შესყიდვებში. მეორე დღეს მის თანაშემწეს შევხვდი და მან მითხრა, რომ სასამართლოსთვის მიმემართა. აქ მივხვდი თუ რამდენად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია ის. სანამ ამ ბიუჯეტის ხვრას და არასახელმწიფოებრივ მიდგომას არ შეეშვებიან, მითუმეტეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პრინციპში დღეს აღარ არის ეს ადამიანი წარმომადგენელი, ვისზეც ვსაუბრობ, არც მინდა მისი გვარის დასახელება და სარგებლობენ პრემიერმინისტრის ხასიათით, წესიერებით, ამიტომაც დგამენ ასეთ ნაბიჯებს.
"როგორც ვირთხები, ისე არიან სახელმწიფო ბიუჯეტზე მიმდგრები და წოვენ სისხლს მერამდენე წელია და ამით უნდათ, რომ გასვარონ გიორგის პატიოსნება, ღირსეული ადამიანის სახელი, ამას მე პირადად არავის შევარჩენ. მას შეეძლო ჩარეულიყო კიდეც, მაგრამ ზუსტად ამიტომაც ვაფასებ, რომ არ ჩაერია,“ - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.
კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ ადვოკატები ამბობენ, რომ კონკურენციის სააგენტოში საჩივარი შევა. „სიტროენ ჯორჯია“ კონკრეტულ კომპანიებს უჩივის, რომლის სათავეშიც, მათი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილიც დგას.
ამავე საჩივარში მოპასუხე მხარედ სახელმწიფოს უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის არის ჯანდაცვის სამინისტრო.
გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერი სასწრაფო დახმარების მანქანებთან დაკავშირებით არის საქმე, რომელზეც „სიტროენ ჯორჯია“ სასამართლოში დავობს.