კრწანისის რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების მთავარი სპეციალისტის დაკავებას დედაქალაქის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თბილისის მერია მსგავს ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დატოვებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
ხმალაძემ მიმართა მერიის სისტემაში მომუშავე პირებს და მოუწოდა, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას.
„დედაქალაქის მთავრობა მერიის სისტემაში დანაშაულებრივ ქმედებასა და კორუფციის ფაქტებს არ დაუშვებს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს შესაბამის ზომებს გაატარებს. მოვუწოდებთ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას, ასევე ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ღირსებასა და პატივს,“ - განაცხადა ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.