იური ლუცენკო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას არ ეთანხმება. უკრაინის გენერალური პროკურორი დარწმუნებულია, რომ სააპელაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის.
იური ლუცენკომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან სახსრებს იღებდა, რომელსაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის იყენებდა.
"არ ვეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებებს არც სააკაშვილის და არც მელნიკის საქმეზე. პროკურატურამ საკმარისი მტკიცებულებები წარადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობა მიესაჯათ. სააკაშვილი ჩემი ყოფილი კოლეგაა, ერთად ვხედავდით საქართველოს და უკრაინის მომავალს, ერთად ვიდექით მაიდანზე. მაგრამ, ჩემს პირად დამოკიდებულებას არავითარი როლი არ უნდა ჰქონდეს. კანონი ერთია ყველასთვის. ჩემი პირადი შეხედულებით, ორივე პიროვნებამ გადაკვეთა წითელი ხაზი - მელნიკმა გახლიჩა სახელმწიფო, სააკაშვილი კი, დანაშაულებრივი ორგანიზაციისგან სახსრებს იღებდა და ხელისუფლების დამხობის ორგანიზებისთვის იყენებდა. დარწმუნებული ვარ, რომ სააპელაციო სასამართლოში საკმარის მტკიცებულებებს წარვადგენთ," - განაცხადა ლუცენკომ.
პეჩორის რაიონული სასამართლოს შენობიდან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შემდეგ იური ლუცენკომ ამ თემაზე მედია საშუალებებთან რამდენიმე განცხადება გააკეთა. ერთ-ერთ ინტერვიუში იური ლუცენკო ამბობს, რომ სააკაშვილი-კურჩენკოს საქმის გამო ის კოლოსალური ზეწოლის ქვეშაა. უკრაინის გენერალური პროკურორი ამბობს, რომ მას სთხოვენ თვალი დახუჭოს სააკაშვილის საქმიანობაზე, რადგან სამართლებრივი დევნით პროკურატურა სააკაშვილის პოპულარობას ზრდის.