ამ წუთებში პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა იწყება. საუბარია საკონსტიტუციო რეფორმით შემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად 2020 წლისთვის შენარჩუნებაზე, შესწორებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლებში, ასევე პრეზიდენტის არჩევის მუხლში ტერმინოლოგიურ ცვლილებებზე.
„ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებს. მათი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ხელისუფლებაზეა მორგებული.
„ძალიან მწვავე კრიტიკა მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვენეციის კომისიისგან, საპარლამენტო ოპოზიციისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, სწორედ იმ ბონუსის სისტემის გამო, რომლის გაუქმებასაც ისინი ახლა გეგმავენ და ეს არის პასუხი ვენეციის კომისიის ძალიან მწვავე კრიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავის დროზე სცადეს შეენარჩუნებინათ თავისთვის ეს ხელოვნური უპირატესობის მომტანი სისტემა, დღეს უწევთ ამის გაუქმება,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.