20 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
პოლიტიკური დევნა - საქალაქო სასამართლოსთან „ენმ"-ის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ამ წუთებში სასამართლოში ე.წ. შეწყალების საქმის განხილვა გრძელდება.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლების გამო ედავება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, მან 100-ზე მეტი პირი შეიწყალა და მათ შორის, მოხვდნენ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები.

„ეს არის ერთი ქართველი ოლიგარქის პირადი ანგარიშსწორება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს პროცესები, უპირველეს ყოვლისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივ განვითარებას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მათი თქმით, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ის სამართლებრივ ჩარჩოში არ განიხილება. 

„როგორც ჩანს, ივანიშვილი ცდილობს, რომ ბატონ პოროშენკოს უკრაინაში მაშველი რგოლი გადაუგდოს. სასწრაფოდ ეს საქმე განაახლეს დაჩქარებული წესით. გვაქვს ინფორმაცია, რომ წლის ბოლომდე სურთ ეს ფსევდო სისხლის სამართლის საქმე მიხეილ სააკაშვილის გარშემო დაამთავრონ და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც მსოფლიოში არ არის მიღებული,“ - აღნიშნა „ენმ"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ არასამთვრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებს მოუწოდა, რომ ამ პროცესებს დიდი ყურადღებით დააკვირდნენ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები