„ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. განცხადება დღეს პლენარულ სხდომაზე, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა გააკეთა.
რატიანი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ტრიბუნიდან გამოეხმაურა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არა მარტო თანამონაწილეა იმის, რაც დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინაში ხდება, არამედ მმართველმა გუნდმა ჩაუყარა საფუძველი დევნის პროცესს.
„სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ თანამონაწილეა, არამედ სათავე დაუდო პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თქვენ აზიანებთ ქვეყნის იმიჯს და აბრუნებთ ქვეყანას პოსტსაბჭოთა ჭაობში. ეს არის ძალიან მძიმე,“ - განაცხადა რატიანმა.
სერგო რატიანმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიც გაიხსენა და განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაზე არა ერთხელ მიუთითა.
„თქვენ მოახერხეთ და ერთი წლის განმავლობაში სტრასბურგის ადამიანის ევროპულმა სასამართლომ ორჯერ გამხილათ და მიგითითათ, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ერთხელ როდესაც მოხდა „რუსთავი 2“-თან მიმართებაში და ასევე, ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში. ქვეყანა, რომელიც აწარმოებს პოლიტიკურ დევნას, ქვეყანა, სადაც არიან პოლიტპატიმრები, ის ხელისუფლებები ამთავრებენ ცუდად,“ - აცხადებს სერგო რატიანი.