ურთიერთბრალდებები ყოფილ ძმაკაცებს შორის - გიორგი გაჩეჩილაძის და გიორგი კვირიკაშვილის დაპირისპირებამ უკვე სატელევიზიო დებატების ფორმა მიიღო. პრემიერის მწვავე შეფასებებს „უცნობმა“ უპასუხა. მისი თქმით, პრემიერის განცხადება პირად შეურაცხყოფად მიიღო. გაჩეჩილაძის განცხადებით, მისი სიძის კომპანია დაჩაგრულია.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე, რომ თუ დადგინდება კარტელური გარიგებები ის გადადგება, "უცნობმა“ აღნიშნა, რომ ის შეიძლება მიზეზს ეძებს, რადგან გადადგომა უნდა.
მან მინისტრი ხეჩიკაშვილი და მთავრობის წევრები კარტელურ გარიგეგებში დაადანაშაულა.
„მეხივით დამეცა დღევანდელი მისი განცხადება. ადამიანმა ხომ უნდა შეისწავლოს რა ხდება, მე არაფერს ვითხოვ, უბრალოდ სიმართლის დადგენა მინდა. ახალგაზრდა კაცი, ბიზნესმენი თავის საქმეს იწყებს და ასეთ მდგომარეობაში ვარდება. ეს არის ერთი საქმე და მეორე არის კარტელური გარიგებების საქმე. პრემიერი როგორც აცხადებს, რომ ეს უნდა შევიდეს სასამართლოშიო, შესულია დიდი ხანია. ან მრჩეველი ვინ ჰყავს, რომ საქმის კურსში ჩააყენოს, რომ ის საქმე მიდის. როგორ შეიძლება შეისწავლოს ადამიანმა საქმე თუ ჩემთვის და აქეთა მხარისთვის არაფერი უკითხავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, მოუხდის თუ არა გიორგი გაჩეჩილაძე პრემიერს ბოდიშს, ის პასუხობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მოიხადოს ბოდიში, თუმცა მისივე თქმით, მას ბოდიშის მოხდა არ უჭირს.
„თუ ეს არის საქმე, რომ ბოდიში მოვიხადო, რაზე უნდა მოვიხადო, არ მიჭირს ბოდიშის მოხდა. მინდა სიმართლის დადგენა, მითხრან ტენდერები, რაც ერთი წლის განმავლობაში არის ჩატარებული, რატომ არის ჩატარებული უკონკურენციოდ, რომ არის 20 მილიონზე მეტი თანხა ერთ კომპანიაზე გაცემული,“ - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.