პოლიტიკური კორუფციის რისკები და შესაძლო გარიგებები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხმაურიანი კვლევის შედეგებს ასაჯაროებს. არასამთავრობო ორგანიზაცია, საეჭვო გარიგებებზე მიუთითებს, რომელიც მმართველი გუნდის შემომწირველების კომპანიების საქმიანობაში იკვეთება.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობებსა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობას შორის დიდი სხვაობაა, რამაც ოპოზიციური პარტიები არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენა.
„15 მილიონ 400 ათასის რაოდენობის დაფინანსება მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა. ამ დაფინანსებიდან, 14 მილიონი მიიღო მმართველმა პარტიამ. ცხადია, რომ არის ძალიან დიდი დისბალანსი, მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობასა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობას შორის. ოპოზიციური პარტიები არ არიან კონკურენტულ მდგომაროებაში და მათთვის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, რომ გარკვეული შედეგი დაედოთ არჩევნების პერიოდში.
"ჩვენ ვსაუბრობთ, იმაზე, რომ ეს ფაქტიურად არის დაკავშირებული კორუფციულ რისკებთან. ასეთი ე.წ. დამთხვევები არის იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის შემოწირულობას და ამის შემდეგ, ეს პირები ფაქტიურად იღებენ ან გამარტივებულ ტენდერებში მონაწილეობას და იღებენ კონტრაქტებს სახელმწიფო სამსახურებიდან ან იბრუნებენ კონკრეტულ ქონებას ან იღებენ სიმბოლურ ფასად კონკრეტულ ქონებას, ამ შემთხვევაში არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ეს იყოს სპეციალურად გაკეთებული,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, სხვადასხვა ფაქტები შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეისწავლონ.
„ის, რომ ძალიან ცოტა იურიდიული პირი და ფიზიკური პირი სწირავს ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პრობლემა,“ - ამბობს გიგაური.