საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარუდგინა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას უზრუნველყოფს. მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშსაც გაუსვა ხაზი.
„საქართველომ შეძლო ფისკალური კონსოლიდაციის გეგმის შესრულება, რაც გამოიხატა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მიმდინარე ხარჯების და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება და ბოლოს, მიმდინარე წელს ერთჯერადი ფაქტორების შედეგად გამოწვეული ინფლაციის მაჩვენებელი 2018 წლის დასაწყისიდან შემცირდება და დაუბრუნდება მიზნობრივი მაჩვენებლების დონზე,“ - განაცხადა ბაქტაძემ.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფინანსთა მინისტრს რკინიგზის ხელმძღვანელობის პერიოდი შეახსენა. რომან გოცირიძის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რკინიგზის მუშაობა დეგრადაციისკენ მიდის, რასაც ტვირთბრუნვის მნიშვნელოვანი შემცირებაც ადასტურებს.
მთავარი საფინანსო დოკუმენტის წარდგენის შემდეგ კანონმდებლებმა ფინანსთა მინისტრს კითხვებით მიმართეს. დეპუტატების კითხვები ძირითადად ჯანდაცვის მიმართულებას, სოციალურ სფეროს ეხებოდა.
ოპოზიცია 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს არ უჭერს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ბიუჯეტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას.
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრეს. მათ პროცესს არითმეტიკული კომპილაცია უწოდეს.
ოპოზიციის შენიშვნებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ უპასუხა. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან აქცენტი არა ბიუჯეტზე, არამედ პოლიტიკურ თემებზე კეთდება.
საბიუჯეტო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრისას გია ვოლსკიმ თქვა, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდს ხალხის ქუჩაში გაყრას სთხოვს.
ამ წუთებში ბიუჯეტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჯიმში მიმდინარეობს.