გიორგი გაჩეჩილაძის სიძემ, "სიტროენ ჯორჯიას" დირექტორმა, მისი სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციაში მიიტანა.
კომპანიის მტკიცებით, კარტელურ გარიგებას ტარიელ ხეჩიკაშვილი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.
გიორგი შარაშიძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაჩეჩილაძის ბრალდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა.
„როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი ყველა იმ ორგანოზე, რომლმაც ეს უნდა გამოიძიოს. ჩვენ მიმართ უკანონო ქმედება განხორციელდა და ვცდილობთ, რომ ეს პროცესი დავადასტუროთ,“- განაცხადა „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორმა, გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, „სიტროენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, მისი დისკვალიფიკაცია ტენდერებიდან ემსახურებოდა კონკრეტულ მიზანს, რომ ყველა ტენდერს ჩამოშორებულიყო შეთავაზებული დაბალი ფასის გამო იმ კომპანიებთან შედარებით, რომელსაც, შარაშიძის განცხადებით, სპორტის მინისტრი მფარველობს.
„შესყიდვების სააგენტოში ზუსტად ჩანს, რატომ და როგორ მოვხვდით შავ სიაში და რამდენად მიკერძოებული იყო ეს ყველაფერი. 57 ტენდერში 127-დან უკონკურენციოდ ჩატარებული ტენდერები, მათგან სამი კომპანია არის ტარიელ ხეჩიკაშვილის“- აღნიშნა შარაშიძემ.
„სიტროენ ჯორჯიას“ ორი საჩივარი აქვს წარდგენილი, ერთი კონკურენციის სააგენტოში, მეორე კი მიმდინარე დავა თბილისის საქალაქო სასამრთლოში ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.