პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე მიიღო, მეორე მოსმენით მსჯელობა კი ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვლილებებზე, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაგრძელდება.
პარლამენტში დღეს ცნება "საჯარო ინფორმაციის გაფართოების" შესახებაც იმსჯელებენ, რომლის ინიციატორიც იუსტიციის სამინსიტროა. ამ ცვლილებების პაკეტით, უწყება მოითხოვს გაფართოვდეს ცნება საიდუმლო ინფორმაცია. თუ ინიციატივას უმრავლესობაც დაეთანხმება, დღევანდელი ნორმებით საჯარო ინფორმაცია გახდება საიდუმლო ინფორმაცია და საზოგადოებისთვის ის დაიხურება.
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივასთან დაკავშირებით უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა. უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ ევროპულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, სრულად აკონტროლოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას შეიძლება აინტერესებდეს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანამ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უნდა იმოქმედოს.
პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების მხრიდან კონტროლის დამყარების სხვადსხვა მაგალითს ასახელებს, მათ შორის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკში გადატანას და ე.წ. მოსმენების კანონის მიღებას ასახელებს.
პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, გიგი წერეთელი კონსტიტუციაში მსგავსი შენატანის გაკეთებას არ ამართლებს.