ტენდერების სკანდალსა და „სიტროენ ჯორჯიას“ მფლობელების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრი კომენტარს აღარ აკეთებს. კითხვაზე, გაეცნობა თუ არა იმ დოკუმენტებს, რომელიც „სიტროენ ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი შარაშიძემ მთავრობის ადმინისტრაციის კანცელარიაში დატოვა, პრემიერი არ პასუხობს.
სკანდალურ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს არც ფინანსთა მინისტრს.
„ამაზე არ გავაკეთებ კომენტარს,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
"სიტროენ ჯორჯიას" დირექტორმა და გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძემ სკანდალური ბრალდებების დამადასტურებელი დოკუმენტები მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ მიიტანა.
"სიტროენ ჯორჯიას" ხელმძღვანელის მტკიცებით, კარტელურ გარიგებას სპორტის ყოფილი მინისტრი მფარველობს და შესყიდვების სააგენტოც ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობას ხელოვნურად ძირავს.
დღეს კი, კორუფციული სკანდალი დავების საბჭოს წევრის სკანდალური განცხადებით გაგრძელდა. მამუკა ტუსკაძემ, კარტელური გარიგების კიდევ ერთი მთავარი ფიგურანტი დაასახელა. ტუსკაძემ „ჰიუნდაი ავტოს“ ჩართულობაზე ისაუბრა, რომელმაც მისი თქმით, გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან მოხსნა.
გავრცელებული ინფორამაციით, „ჰიუნდაი ავტოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი თოფაძე იყო, რომელიც გოგი თოფაძის შვილია. ტუსკაძე ამბობს, რომ სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ტენდერიდან სიტროენი უკანონოდ მოიხსნა.