ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ. განცხადებაში ევროპელი დეპუტატები სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.
„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო და გამორჩეულ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომლითაც დადგინდა, რომ მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი მაშინ, როდესაც მისი დაკავება ემსახურებოდა „ფარულ გეგმას“ და „ფარულ მოტივებს. მოვუწოდებთ საქართვლოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბატონი მერაბიშვილი,“ - აღნიშნულია წერილში.
ევროპარლამენტარების წერილი ვანო მერაბიშვილის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. წერილს ოპოზიციის წევრები გამოეხმაურნენ.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ განსხვავებით წინა შემთხვევებისა, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა პატივისცემით მოეპყრობა ესოდენ მაღალი რანგის სიგნალს,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა.