პარლამენტში ცალკე ფრაქციის შექმნის მომხრე ქართული ოცნების წევრები მედიასთან ამ დრომდე არ ჩნდებიან. მმართველ გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ საპარლამენტო უმრავლესობაში და აცხადებენ, რომ სამ ფრაქციად გაყოფა უკეთესი კოორდინაციის მიზნით ხდება.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გედევან ფოფხაძე, აღნიშნავს, რომ ყველა დეპუტატის აზრის გათვალისწინება უნდა მოხდეს. ფოფხაძე გამორიცხავს, რომ გია გაჩეჩილაძის მეგობრის, ბიძინა გეგიძის, გადაწყვეტილება ცალკე ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, პრემიერის და „უცნობის“ დაპირისპირების გამო მოხდა.
„მოდით, მაგ თემებზე ესაუბრეთ ბატონ ბიძინას. ერთადერთი ვუყურე ბატონი გიას სატელევიზიო გამოსვლას და არ მომეწონა, როდესაც მესიჯები საჯარო სივრცეში წაიკითხა. მე პატივს ვცემ მაგ ადამიანს, მაგრამ ეს კონკრეტული ჟესტი არ მომეწონა,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია, აღნიშნავს, რომ ფრაქციის გაყოფა უკეთესი მენეჯმენტის გამო ხდება.
„განაწილება, ვინ როგორ განაწილდება, სამუშაო პროცესი დაწყებულია და ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შეიძლება, იყო კიდეც ცალკეული საუბრები, ბუნებრივია, პრემიერთან, მაგრამ საბოლოო კონსულტაციები, რა თქმა უნდა, შეთანხმდება. ის პარტიის თავმჯდომარეა მმართველი პარტიის და ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პრემიერთან შეთანხმების გარეშე, ბუნებრივია, არ მოხდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტში ფრაქციის დასარეგისტრირებლად, მინიმუმ, 6 დეპუტატია საჭირო.