20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
4 საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და პროკურატურა, რომელიც მხოლოდ მოწმეების მონაყოლს ეყრდნობა 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში ბრალდებული 4 საქმეზეა.

ქრონოლოგიურად პირველი დეპუტატ გელაშვილის ცემაა. პროკურატურა იზიარებს ყოფილი პარლამენტარის ვერსიას, რომ მასთან ანგარიშსწორების მიზეზი სიჯიუტე გახდა. გელაშვილი არ დასთანხმდა საკუთარი სახლის გვერდით პრეზიდენტის რეზიდენციის ასაშენებელ კომპენსაციას. შემდეგ კი მთვრალმა საგაზეთო ინტერვიუში უხამსად ახსენა პირველი ლედი. თუმცა, თავად ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კონფლიქტში სხვებმა ჩაითრიეს.

ირაკლი ოქრუაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ოთხი საქმიდან სამის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. თუმცა, სხვა შესაძლო დანაშაულის დაგეგმვისა და ჩადენის დროს არათუ თანამდებობაზე, საქართველოშიც აღარ იყო. დღეს გამოძიება ეყრდნობა მის მონაყოლს 7 ნოემბრის მიტინგის დაშლისა და იმედის დარბევა-დახურვის შესახებ. თუმცა, ეს ოქრუაშვილის ზეპირი ჩვენებაა და არ არის ფაქტების უშუალო მოწმე. 

მოწმე ნინო ბურჯანაძემ პროკურატურასა და სასამართლოს მოუყვა დამნაშავე პოლიციელთა გათავისუფლებაში, ასევე 7 ნოემბრის მოვლენებსა და ვალერი გელაშვილის ცემაში სააკაშვილის მონაწილეობაზე. თუმცა ამბობს, რომ ბრძანებების გაცემას უშუალოდ არ ესწრებოდა.

სხვადასხვა საქმეზე სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები მისი ყოფილი თანაგუნდელები არიან. ზოგი ციხეშია, ზოგიერთმა კი უკვე დატოვა ციხე.

სააკაშვილის საქმეს სტრასბურგში გადასაგზავნად სამი დონის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება აკლია, თუმცა ადვოკატები უკვე განიხილავენ და გამარჯვების იმედიც აქვთ.

სააკაშვილი სამი ბრალდების მიხედვით მოძალადეა, მეოთხის მიხედვით კი - გამფლანგველი. პროკურატურას საქმეში ჩაკერებული აქვს 8 მილიონზე მეტი ლარის ქვითარი, რომელიც, მათი აზრით, უმთავრესად კანონიერი საქმისთვის უკანონოდ დაიხარჯა. ბრალდების მიხედვით, სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გაასაიდუმლოვა საპრეზიდენტო ფონდის ნაწილის ხარჯვა.

 

 

დღის ამბები