პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი თავად მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ცრუ დასმენის ბრალდებით. ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დღეს განაცხადა.
საქმე ეხება სამეგრელოში მცხოვრებ ოდენა ბარამიას, რომელიც 2016 წლის აპრილში სავარაუდოდ, გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. თავდაპირველად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუმცა, კვალიფიკაცია შეიცვალა და ბრალი ბარამიას წაეყენა ცრუ დასმენისთვის.
„საია“ მიიჩნევს, რომ საქმეზე საგამოძიებო უწყებებმა დაადგინეს სახიფათო პრაქტიკა და მომავალში შეზღუდავს მოქალაქეების ინიციატივას, მოითხოვონ პოლიციელების დანაშაულის გამოძიება.
„ამ საქმეში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრობლემები იკვეთება როგორც გამოძიების, ასევე სასამართლო ეტაპზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძირითადი და პირდაპირი მოწმეები არიან სამართალდამცავები. ამ შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მომავალში მოქალაქეებს შეექმნათ საფრთხე და შიში, რომ თუკი ისინი დაექვემდებარებიან ისეთ მოპყრობას სამართალდამცავი ორგანოებისგან, რომელიც იქნება კანონთან კონფლიქტში და იქნება უკანონო, მათ არ განაცხადონ ამის შესახებ,“ - განაცხადა „საიას“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.