საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებები დღეს სუამის საპარლამენტო ასამბელის სხდომაზეც გაკეთდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინაში სააკაშვილის უფლებები უხეშად ირღვევა და უკრაინული მხარისგან მისი დევნის შეწყვეტა მოითხოვა.
გარდა ამისა, ოპოზიციამ ყურადღება გაამახვილა კომუნიკეს შინაარსზეც, რომელიც ასამბელამ უნდა მიიღოს და სადაც საერთოდ არა არის ნახსენები რუსეთი.
კომუნიკეში ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ პრობლემებზე არის საუბარი, თუმცა ოკუპანტ ქვეყანაზე არაფერია ნათქვამი, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა სუამის ყველა წევრ ქვეყანას აწუხებს და ყველა სეპარატისტულ კონფლიქტში სხვასხვა ფორმით სწორედ რუსეთი ფიგურირებს.
„მათ მოვუწოდე, რომ იგივე ეკონომიკური თანამშრომლობის ილუზიებით ნუ ექნებათ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებით რაღაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ან მათი მომავალი განვითარების იმედი. რუსეთი არის ოკუპანტი, ეს უნდა დავაფიქსიროთ. უკრაინის დელეგაცია დამეთანხმა, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში სუამის ქვეყნებში ირღვევა ადამიანის უფლებები, თუკი ადამიანის უფლებების ირღვევა და დემოკრატია არ არის, ის ქვეყანა არის სუსტი, სუსტს ადვილად მოერევა რუსეთი და მე მოვიყვანე მაგალითი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნისა უკრაინაში და მოვუწოდე, რომ შეწყდეს დევნა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მიზეზებს განმარტავენ საპაარლამენტო უმრავლესობაში. გიორგი მოსიძე ამბობს, რომ კომუნიკეს ტექსტს, სუამის წვერი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭრიდება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მათი მხრიდან აღნიშნული საკითხის განხილვა მიზანმიმართულად არ ხდება.
„საქმე იმაშია, რომ უკრაინის დელეგაციაში არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამიტომ, მათი აზრებიც განსხვავდება. შესაბამისად, ამ თემას ჩვენ სპეციალურად პედალირებას არ ვუკეთებთ უკრაინელებთან ურთიერთობაში,“ - განაცხადა გიორგი მოსიძემ.