იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მმართველ გუნდში შიდა განხეთქილების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ეკა ბესელიას განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ორი ახალი ფრაქციის გამოყოფა არანაირ დაპირისპირებას არ უკავშირდება.
ამასთან, ეკა ბესელია კატეგორიულად გამორიცხავს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის საკითხს.
„პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს აქვს ნდობა და მაღალი ნდობა ჩვენი გუნდის მხრიდან. მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მთავრობის ცვლილებასთან, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო დონეზე მან მიიღო სრული მხარდაჭერა. ბევრად უფრო ადრე, რამდენიმე თვის წინ იყო პირველი განცხადებები, რომ ფრაქციები შეიძლება კიდევ შეიქმნას. წლის ბოლოა და ამ პერიოდში ძალიან რთული დინამიური პროცესი იყო პარლამენტში და ორიენტირი გაკეთდა, რომ წლის ბოლოსთვის მოხდეს ასეთი ორგანიზაციული, შიდა სტრუქტურული ცვლილებები,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.