მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და არაკორუმპირებული, თუ ამ საქმეში ბატონი სააკაშვილი დაგვეხმარება, მე ამ დახმარებას სიამოვნებით მივიღებ - ეს განცხადება, სუამის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ იაროსლავ მარკევიჩიმ გააკეთა.
„კურიერთან“ საუბრისას იაროსლავ მარკევიჩი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ყურადღება სააკაშვილის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა.
„ვფიქრობ, ჩვენი სასამართლო სისტემის ისტორიის განმავლობაში პირველი მსგავსი საქმეა. მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დემოკრატიული და არაკორუმპირებული. თუ ამ საქმეში ბატონი სააკაშვილი იქნება აქტიური და დაგვეხმარება, მე ამ დახმარებას სიამოვნებით მივიღებ,“ - განაცხადა იაროსლავ მარკევიჩმა.
მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირებას ეხმაურება ოლენა მასორინაც. მასორინა აცხადებს, რომ თუ სააკაშვილს წაყენებული ბრალი დაუმტკიცდება, მან პასუხი უნდა აგოს, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მართლმსაჯულების წინაშე.
„არსებობს რაღაცეები, რომელიც მიუღებელია საერთაშორისო გაერთიანებისთვის. ბატონი სააკაშვილი კი, მსგავსი რაღაცეების გაკეთების საშუალებას აძლევს თავს. ის უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე იმ ქვეყნებში, რომლის კანონმდებლობაც დაარღვია. დღეს მასთან შეკითხვები აქვთ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ამიტომ საკითხი ასე დგას, მზად ხართ, რომ წაიყვანოთ? თუ მან დაარღვია კანონი და არსებობს მტკიცებულებები, ის უნდა წარდგეს საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა ოლენა მასორინამ.
სუამის საპარლამენტო ასამბლეის უკრაინის დელეგაციის წევრი ოლეგ მედუნიცია კი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში აღძრულ საქმეზე გამოძიება დასრულდება.