საკანონმდებლო ორგანო მთავრობის განახლებული შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის განხილვას იწყებს. მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ხვალიდან პარლამენტის კომიტეტებში ელოდებიან. კვირიკაშვილის მთავრობის წევრებს უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციებშიც მოუსმენენ. კვირის ბოლოს კი, ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე დადგება.
„იქნება მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების კანდიდატურების შეხვედრა უმცირესობასთან, უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და ასევე კომიტეტებთან. შემდეგ დღეებში, ჩვენ მთავრობის ნდობის საკითხს განვიხილავთ და ერთიანი პოზიციით, საერთო გუნდის პოზიციით, წარვდგებით გადაწყვეტილებით ქართული საზოგადოების წინაშე,“ - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
საპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადახალისებული მთავრობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თავს ვერ გაართმევს და განახლებული შემადგენლობისთვის მხარდაჭერას არ გეგმავენ.
„მთავარ შეკითხვას დავუსვამთ - აქვთ თუ არა რაიმე რესურსი, რომ ამ ძალებით, ამ შემადგენლობით რაიმე არგონ ქვეყანას. თუმცა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სამოსნების ერთობაა, რომელთაც არ შეუძლიათ ახალი იდეების გენერირება და მითუმეტეს მისი აღსრულება,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრებს მთავრობის შემადგენლობასთან, რესტრუქტურიზაციის შედეგად დაზოგილ თანხებთან დაკავშირებით აქვთ კითხვები.
„რა ეკონომიაა გადანაცვლებისგან, რა სახსრები იქნება დაზოგილი და რა სახსრები წარიმართება უფრო უკეთესი საქმიანობისთვის, ჯერჯერობით ამაზე მკაფიო პასუხი არ გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ საკომიტეტო განხილვების დროს და სხვა ფორმატებში ამ კითხვებს გაეცემა პასუხი,“ - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი.