მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებს დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში მესამე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების შესაძლებლობებს უფართოებს, პირველი განხილვისას წამყვანმა კომიტეტმა ჩააგდო.
„საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება ამ ცვლილებებს და თუ რომელიმე კონკრეტული კერძო კომპანიის დამფუძნებელს ან წარმომადგენელს ეს ცვლილება არ მოწონს, ჩვენ ეს სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ და არა სუბიექტური განწყობებით,“ - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.
პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებს. მათი თქმით, ცვლილებები კერძო არხებს არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენებს.
„იმედია, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ ეყოფათ გონიერება და ეს კანონი არ იქნება ამ ფორმით ძალაში შესული,“ - აცხადებს "ენმ"-ის წევრი რომან გოცირიძე.
საქართველოს პრეზიდენტს მაუწყებლის შესახებ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.
„გარდა პროტექციისა და კორუფციისა, აქ პრობლემა არის სერიოზული, რომ გამოყენებული იქნება თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზრის შეზღუდვებისთვის,“ - ამბობს სერგო რატიანი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე დაამტკიცა, მიმდინარე კვირის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კი, ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრიან კენჭს.