დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყო. ქართული მხარე კვლავ გააპროტესტებს ე.წ. საზღვრის უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებას ფაქტებს.
ასევე დღის წესრიგშია 2017 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული უკანონო სამხედრო წვრთნების საკითხიც.
„განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი მხრიდან გამახვილდება 2017 წლის მანძილზე რეგიონში ჩატარებულ სამხედრო წვრთნებზე და აქტიურ მილიტარიზაციაზე. გარდა ამისა, შევეხებით 2014 წლის ივნისში გაუჩინარებულ და უკვე მოგვიანებით გარდაცვლილ დავით ბაშარულის საქმეს. ამ საკითხთან მიმართებაში არსებული კითხვის ნიშნები არ მოხსნილა დღის წესრიგიდან და ცხადია,ვისაუბრებთ ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, რომელიც კვლავაც კონკრეტულ პრობლემებს ქმნის საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ.