ჭონქაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა“. მთაწმინდაზე დღეს პარტიის მერობის ყოფილი კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი მივიდა და კახა კალაძეს წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენა.
„ქართული ოცნება“ საარჩევნოდ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მშენებლობის კოეფიციენტს მკაცრად გააკონტროლებდა, თუმცა კომპანიამ ნებართვა რამდენიმე თვის წინ მიიღო, მოგვიანებით კი, თანხის სანაცვლოდ კოეფიციენტიც გაზარდა.
დღეს 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობის მიზნით, მთაწმინდის მთის ნაწილის მოჭრა დაიწყეს.
„ეს არის ამ ხელისუფლების და თბილისის მერიის დამოკიდებულება თბილისის ისტორიული ნაწილისადმი და მისი ისტორიული ლანდშაფტისადმი,“ - აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ისტორიულ ზონებზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.
„მთაწმინდის მთაზე ხდება ლანდშაფტის დაცვის და ისტორიული დაცვის ზონების შესაყართან, ძალიან ცხელ წერტილში, ასეთი ბარბაროსობა და ვანდალიზმი,“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.