20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
ეს პროცესი ოლიგარქების შეთქმულებაა, პუტინის, პოროშენკოს და ივანიშვილის გეგმა - მიხეილ სააკაშვილი

„ეს პროცესი ოლიგარქების შეთქმულებაა, პუტინის, პოროშენკოს და ივანიშვილის გეგმა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უკრაინაში სასამართლო არ არსებობს,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასამართლოში მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს მისი პარტიის წევრის, სევერიონ დანგაძის სასამართლო პროცესზე დასასწრებლად მივიდა და აღნიშნა, რომ დანგაძის ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის პარტიის წევრის, სევერიონ დანგაძის ეპიზოდზე კიევში სასამართლოში პროცესი გადაიდო. დანგაძეს გამოძიება დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას ედავება.

ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე კვირის ბოლომდე გაიმართება სააპელაციო სასამართლოს სხდომა და ხელისუფლება პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის, რათა აღმკვეთ ღონისძიებად შინა პატიმრობა შეეფარდოს.

„არსებობს მხოლოდ დანაშაულებრივი ჯგუფი პოროშენკოს მეთაურობით, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და უსაფრთხოების სამსახურიც. ის ერთპიროვნულად წყვეტს, ვინ დააკაონ და გაასამართლონ,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ამჯერად ოლიგარქების მთავარ მიზანს მისი უკრაინის პოლიტიკიდან მოშორება და ქვეყნიდან გაძევება წარმოადგენს. მისი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, პროვოკაციებზე მიდის.

„ლუცენკოს განკარგულებით, აგროვებენ პირადი ხასიათის კომპრომატებს. ასეთი ბანდიტები და მძარცველები მართავენ დღეს უკრაინას და ჩვენ უნდა გავიღვიძოთ,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელები რიგგარეშე არჩევნების გზით შეცვლიან ხელისუფლებას.

„ისინი გეგმავენ ჩემს დეპორტირებას ან ექსტრადირებას საქართველოში, ეს ცალსახაა და დღევანდელი პროცესიც ამის დასტურია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში საახალწლო დღეებში მასობრივი პროტესტი არ იგეგმება, რადგან პროვოკაციების ასაცილებლად გეგმის შემუშავება მიდის.

დღის ამბები