20 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ზრუნავენ არა ხალხზე, არამედ იმაზე, რა კონფიგურაცია აწყობს იმ ერთ ადამიანს - ოპოზიცია სამთავრობო ცვლილებებზე 

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრისთვის ემზადება. უმცირესობის წევრებს კვირიკაშვილის ახალ გუნდთან, რომელიც პარლამენტში საკომიტეტო მოსმენების ფორმატში ხვალ მივა, კითხვები სამ ძირითად მიმართულებაზე აქვს. „ევროპული საქართველოს“ წევრები უსაფრთხოების პრობლემებზე, რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე და გაუფასურებულ ლარზე ამახვილებენ ყურადღებას.

„მთავრობას და პრემიერს, რომელიც კვლავ მოითხოვს, რომ დააკომპლექტონ ხელისუფლება, აქვს ძირითადი სამი პრობლემა - ეს არის ეკონომიკური კრიზისი და ვალუტის არასტაბილურობა, ეს არის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები და პოლიტიკური დევნა. სამივე მიმართულებით ხელისუფლებას აქვს ჩავარდნა, კონკრეტული კითხვები იქნება ხვალ, მაგრამ ძირითადად ჩვენ ვიტრიალებთ ამ მიმართულებით,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცვლილებას ცვლილებისთვის უწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ოპტიმიზაციის პროცესს.

„ეს არ არის ცვლილება, რომელიც გარკვეულწილად თანხებს დაზოგავს. მთავრობა საერთოდ არ მუშაობს იმ ცვლილებებზე, რომელიც მოსახლეობას დღეს აწუხებს. ეს არის გაზრდილი ფასები, გაზრდილი კრიმინალი, ჩამოშლილი ეკონომიკა, დამატებითი უმუშევარი ადამიანები. ამაზე მთავრობა არ ზრუნავს, ზრუნავენ მხოლოდ რა კონფიგურაცია აწყობს იმ ერთ ადამიანს, ვისთანაც არიან ისინი ანგარიშვალდებული,“ - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

დღის ამბები