დონბასში არსებულ დაძაბულ ვითარებას ვაშინგტონი გამოეხმაურა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა და მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმები, გაიყვანოს ჯარი და დათანხმდეს გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსებას. პარალელურად, უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ატლანტიკურ საბჭოში შეაფასეს.
„უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა. მიმდინარეობს საპროტესტო აქციები და ეს ნორმალურია. უკრაინაში აქვთ დემოკრატიული პროცესები. 2019 წელს არჩევნები ჩატარდება და აქციის მონაწილეებს აქვთ ყველა საშუალება საკუთარი აზრი საარჩევნო უბნებთან გამოხატონ," - განაცხადა კურტ უოკერმა.
ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი ანდერს ასლუნდი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა. მან ასევე არა ერთხელ გამოთქვა პოზიცია, უკრაინის ადმინისტრაციის მიერ ანტიკორუფციული ძალისხმევის შესუსტებაზე და ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებულ მოვლენებზე.
"არ აქვს რამე ფინასების გამოყოფას უკრაინისთვის, თუკი უკრაინა სათანადოდ არ დაიწყებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ამისთვის დამოუკიდებელმა ანტიკორუფციულმა ეროვნულმა ბიურომ უნდა განაგრძოს მუშაობა და დაარსდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლო. ეს არის მომავალში უკრაინისთვის ნებისმიერი დასავლური დახმარების გამოყოფის სავალდებულო პირობა. მე ვფიქრობ, სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე ყველანაირ ხარისხს არის მოკლებული. მთავრობას, რომელსაც არ გაუსამართლებია იანუკოვიჩის ან ამ რეჟიმის არცერთი სერიოზული დამნაშავე, სანდოობა არ აქვს," - აცხადებს ანდერს ასლუნდი.
თუმცა, ატლანტიკურ საბჭოში ანალიტიკოს ეველინ ფარკასს აქვს განსხვავებული პოზიცია და ის პოროშენკოს წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ამ ფორმას არ ეთანხმება.
„ვფიქრობ, ეს არ არის კონსტრუქციული. მე არ ვეთანხმები იმ გზას, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს კორუფციაზე ყურადღების მობილიზებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს სერიოზული საკითხია. ასევე არ ვეთანხმები უკრაინის მთავრობას, რომელიც გარკვეულწილად მის თამაშს თამაშობს. მე ვიტყოდი, ეს ერთგვარ ცირკს ქმნის. ეს საკითხები უნდა წარიმართოს გონივრულად, სიტუაცია უნდა გადაწყდეს უკრაინის პარლამენტში," - აცხადებს ეველინ ფარკასი.
ატლანტიკურ საბჭოში დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შესაძლო განთავსების საკითხი განიხილებოდა. შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებთან ერთად მხარს უჭერს სამშვიდობო ძალას მინსკის შეთანხმების ბოლომდე შესრულებამდე. სანქციების მოხსნაზე ან შესუსტებაზე კი საუბარი არ იქნება.