პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც მინისტრობის კანდიდატები იმყოფებიან, კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. მთავრობის ახალ შემადგენლობას ოპოზიციის კითხვების მოსმენა და პასუხის გაცემა უწევს.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას, რომელიც სასამართლო რეფორმის გადავადებას ეხებოდა, კომიტეტის სხდომაზე კამათი მოჰყვა. ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მძიმე ვითარებაა და პოლიტიკური გავლენის გარდა, ხშირია კორუფციის ფაქტებიც.
„ნამდვილად ლოგიკურია, რომ უმრავლესობის წევრი ვერ ხედავს მართლაც იმ გასაკვირ თვითკმაყოფილებას, როგორც იუსტიციის მინისტრი საუბრობდა სასამართლო სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც არსებითად დღეს არის ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ და სასამართლო სისტემაზე, რომლის მიმართაც დღეს საზოგადოების ნდობა არის კრიტიკულად დაბალი. ამ ყველაფერს დაემატა კორუფციული შემთხვევები. სახელმწიფო ქონების გამოყენებით ნაზღაიძის შემთხვევაში, შეგახსენებთ, ბიზნეს ასოციაციების განცხადებებს კორუფციული ფაქტების შესახებ სასამართლო სისტემაში,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მმართველი გუნდის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ირაკლი აბესაძეს წინა ხელისუფლების პერიოდი შეახსენა.
„გამოვეხმაურები ირაკლი აბესაძის განცხადებას, ის საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია და დრო შეეშალა უბრალოდ რა. 2012-მდე ილაპარაკა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. 2012 წლამდე ისაუბრეთ და ასე გააგრძელეთ,“ - მიმართა ზარდიაშვილმა აბესაძეს.
საპატიმროებში არსებულ მძიმე ვითარებასა და გაუარესებულ კრიმინალურ ვითარებაზე ისაუბრა „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა თენგიზ გუნავამ.