საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს - ეს განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 11 საათიდან დილის 4 საათამდე იმუშავებს და მეტრო და ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
კახა კალაძემ მთავრობის წევრებს წარუდგინა გეგმაც, რომელიც ქალაქის საცობებისგან განტვირთვას ითვალისწინებს.
დედაქალაქში საცობების მოგვარების მიზნით, დედაქალაქის მერის ორი მოადგილე სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებებს იწყებენ, იმ მიზნით, რომ სადისტრიბუციო კუთვნილებაში არსებულმა მანქანებმა კონკრეტულ საათებში იმოძრაონ დედაქალაქის ქუჩებში.
„ნებისმიერ ადგილზე ჩერდება დღეს მიკროავტობუსები და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, გადარბიან ქუჩებზე და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და ასევე მძღოლებსაც, ყველაფერი უნდა მოწესრიგდეს და ასევე ქმნიან საცობებს, როდესაც ხდება მათი მხრიდან ყველა ადგილზე გაჩერება. ეს უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.