20 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
„ძალიან მაინტერესებს ზუგდიდს ვინ უყურებს" - შს მინისტრი თენგიზ გუნავას მიმართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყანაში მთავარ გამოწვევად ორგანიზებულ, ნარკო და კიბერ დანაშაულებს ასახელებს. განცხადება გიორგი გახარიამ პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, თენგიზ გუნავას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

უმცირესობის წევრმა თენგიზ გუნავამ ძალოვან მინისტრებთან შეხვედრაზე, კრიმინალური ავტორიტეტების გავლენებსა და ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც დაინიშნა პირდაპირ კრიმინალური ავტორიტეტების მიერ დარეკილი ზარებით და ინფორმაციით. დღესაც ჰყავს ზუგდიდს მაყურებელი და მე არაერთგზის მისაუბრია ამაზე,“ - განაცხადა თენგიზ გუნავამ.

გიორგი გახარია დაინტერესდა ვინ "უყურებს ზუგდიდს" და თენგიზ გუნავას მისი დასახელება სთხოვა. 

„ძალიან მაინტერესებს ზუგდიდს ვინ უყურებს, აი ძალიან. იქნებ რაღაცნაირად გამაგებინოთ, ვინ უყურებს ამ ზუგდიდს. ხვიჩა ცხაკაია? კი ბატონო, მადლობა დიდი," - მიმართა შს მინისტრმა თენგიზ გუნავას. 

გახარიას შეფასებით, ორგანიზებული დანაშაული, ნარკოდანაშაული, კიბერდანაშაული - ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც დღეს კრიმინალური პოლიცია, როგორც საკვანძო ელემენტი, შს სამინისტროსი ებრძვის.

"აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად საჭიროა ამ სტრუქტურის რეფორმირება და რა თქმა უნდა, ის, რასაც ერქვა ისტორიულად უბნის ინსპექტორი, რომელიც აბსოლუტურად მოშლილია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები