მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს. ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტში, ლარის კურსი და სამთავრობო ოპტიმიზაცია, რომლითაც ბიუჯეტში თანხა არ იზოგება - ეს არის მთავარი შეკითხვები, რომელიც ოპოზიციას ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან ქონდათ.
„მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ სახელმწიფო საწარმოებმა ჯამურად 2015 წელს 795 მილიონის ზარალი ნახეს და 2016 წელს 480 მილიონი. და არცერთ მათგანს ამის თაობაზე არ ულაპარაკია,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
კითხვები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ხათუნა გოგორიშვილსაც ჰქონდა. „ევროპული საქართველოს" წევრმა მინისტრებს სთხოვა დაეკონკრეტებინა უწყება, სადაც ბიუროკრატიული ხარჯები.
„იქნებ ერთი კონკრეტული სტრუქტურა მითხრათ, სადაც მოხდა შრომის ანაზღაურების შემცირება,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს რკინიგზაში მუშაობის პერიოდიც შეახსენა და აღნიშნა, რომ მან გააკოტრა რკინიგზა.
„შედიხართ მეორედ ერთი და იგივე მდინარეში. რა მოხდა? ცუდად მუშაობდა ეკონომიკის მინისტრი და თქვენ უკან დაგაბრუნეს საქმის ამოსაქაჩად? თუ პირიქით, თქვენ მუშაობდით ცუდად. გაკოტრებული რკინიგზიდან მოდიხართ პირდაპირ ფინანსთა სამინისტროში. გაფრთხილებთ, ძალიან გაგიძნელდებათ თქვენ ჩვენთან ურთიერთობა. ისე არ მოხდეს, რომ ძველი ფინანსთა მინისტრი მოგვენატროს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის საპასუხოდ მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ კომპანია google-ის ფასიანი ქაღალდები ადის და ჩამოდის დაბლა და ასევე ხდება რკინიგზის შემთხვევაშიც.
ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი დაადასტურა, რომ სახელმწიფო საწარმოების ზარალი ნამდვილად დიდია, რადგან იქ მიმდინარე დანახარჯები აისახება ზარალში.