20 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
დიპლომატების საქმიანობა და ქვეყნის საგარეო აქტივობები - ოპოზიციის შეკითხვებს მიხეილ ჯანელიძე პასუხობს

რა ინსტრუქციები აქვს საქართველოს დიპლომატიურ უწყებებს საერთაშორისო მისიებში რუსეთის საკითხზე, რომელიც ევროსაბჭოში ხმის უფლების აღდგენას ითხოვს - ეს შეკითხვა საგარეო საქმეთა მინისტრს დღეს "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა დაუსვა.

ოპოზიცია მიხეილ ჯანელიძისგან განმარტებებს ქართველი დიპლომატების საქმიანობის და ქვეყნის საგარეო აქტივობების შესახებ ითხოვდა.

„დღეს არის დისკუსია ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენის შესახებ. დისკუსია ამასთან დაკავშირებით მცირე ხნის წინ გაიმართა მინისტრთა კომიტეტში, ელჩების ფორმატში. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ საქართველოს ელჩი არა თუ არ აქტიურობდა, პრაქტიკულად არაფერი არ უთქვამს, რითაც მან გამოიწვია გაკვირვება სხვა ელჩებისა. მე მაინტერესებს, რა ინსტრუქცია აქვს თქვენგან, საქართველოს ელჩს ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის პარლამენტარებისთვის ხმის უფლების აღდგენასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.  

გიორგი კანდელაკის მიერ დასმულ ამ შეკითხვაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ინსტრუქცია ძალიან მკაფიოა. მინისტრმა საქართველოს ელჩთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მეშვეობით, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს ევროპის საბჭოსთან.

„ინსტრუქცია ჩვენი მისიისდამი არის ძალიან მკაფიო, რომელიც უკავშირდება საკითხს, რომ იმოქმედოს ორგანიზაციის პრინციპების და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ამიტომ, ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული, როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე ჩვენი მისიის მეშვეობით და ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძე. 

დღის ამბები